ქართული ენა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: გუგული დიასამიძე
საგანი:  ქართული ენა
კლასი: მეოთხე
თემა: კოპალა
დრო: 45წთ.
მოსწავლეთა პროფილი: 3. სსსმ მოსწავლე არ გვყავს.
გაკვეთილის მიზანი: გაეცნობიან ქართული მითოლოგიის გმირს კოპალას. აღმოაჩენენ განსხვავებას მითსა და რეალობას შორის, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებენ შემოქმედებით უნარს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
        ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
         დაწყ.I.8. მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტეპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით (მაგ., პანტომიმით, ჟესტებით, მიმიკით, როლური თამაშით);
        ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების მიზნის შესაბამისად გამოყენება.
        ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: წარმოდგენები მითის შესახებ. წიგნთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები.
შეფასება: განმავითარებელი.  თვითშეფასება, შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და რესურსები: სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კალამი, სანიშნი ფურცლები. ფლიტჩარტი.

A ფაზა
აქტივობა 1. გამოწვევა.  (5 წთ) გმირის დახასიათება. გონებრივი იერიში.
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ გმირისათვის დამახასიათებელი თვისებების ჩამოთვლა.
აქტივობის აღწერა: რა იცით გმირების შესახებ?  როგორი  ადამიანი  ხდება ხალხის რჩეული, გმირი?  რა თვისებები უნდა ახასიათებდეს გმირს? მასწავლებელი დაფაზე ხატავს მზეს, შუაში ჩაწერს სიტყვას ,,გმირი“. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ გმირთან დაკავშირებული სიტყვები და გამოთქმები. მასწავლებელი თითოეულის ნათქვამს წერს სხივებზე.
აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება. მუშაობა მთელ კლასთან.  (5 წთ).
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები იხსენებენ ნანახსა და გაგონილს.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები გაიხსენებენ მულტფილმს, წაკითხულს, მოსმენილს მითოლოგიური გმირების შესახებ და განმარტავენ თუ რა ზებუნებრივი თუ მაგიური თვისებები ახასიათებდათ. დღეს ჩვენ გავეცნობით ფშავ-ხევსურეთის გმირს კოპალას,  დაგირიგდებათ ბარათები და თქვენ უნდა დაწეროთ მაქსიმუმ სამი შეკითხვა, თუ რისი გაგება გინდათ ამ გმირის შესახებ.
მასწავლებელი შესასვლელ ბარათებს ურიგებს მოსწავლეებს, მათ უნდა დაწერონ თუ რისი გაგება სურთ გმირის შესახებ. მოსწავლეები თავიანთ ფურცელს აკრავენ ფლიტჩარტზე და უბრუნდებიან ადგილებს.


B ფაზა
აქტივობა 3.  (5 წთ) სახელმძღვანელოზე მუშაობა: ტექსტის გაცნობა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ტექსტს კითხულობს გამომეტყველებით, უცხო სიტყვებთან  ჩერდება და კითხვებს სვამს, იციან თუ არა მისი მნიშვნელობა. მოსწავლეები უცხო სიტყვებზე გამოთქვამენ ვარაუდს, მასწავლებელი კი აზუსტებს მის მნიშვნელობას.
აქტივობა 4. (5 წთ) ტექსტის გაგება-გააზრება. მთელ კლასთან მუშაობა.
აქტივობის მიზანი: მსჯელობს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ხმამაღლა, მონაცვლეობით კითხულობენ ტექსტს. მასწავლებელი ტექსტის შესახებ სვამს კითხვებს და მოსწავლეების პასუხებით აზუსტებს, თუ რამდენად გაიგეს ტექსტი:
ვინ იყო კოპალა?
როგორი ბავშვობა ჰქონდა? რატომ?
კოპალას მიზანი რა იყო?
როდის შეძლო დევების დამარცხება?
რითი გამოირჩეოდა კოპალა?
აქტივობა 6.  (7 წთ) დამოუკიდებელი მუშაობა.  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული ნიშნით (მსგავსება-განსხვავების მიხედვით).
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის მიხედვით მითისა და სინამდვილის ერთმანეთისაგან გარჩევა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე  ხაზავს T დიაგრამას. მარცხენა მხარეს დააწერს ,,მითიური“, მარჯვენა  მხარეს ,,სინამდვილე“.   მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ინდივიდუალურად, ჩუმი კითხვით.  ტექსტიდან გამომდინარე მოსწავლეები კარნახობენ მასწავლებელს თუ რა არის მითიური, მასწავლებელი ავსებს  მარცხენა სვეტს, შემდეგ მარჯვენა სვეტს ,,სინამდვილე“.  გამორჩენის შემთხვევაში მასწავლებელი ეკითხება: ხომ არ გამოგრჩათ რომელიმე? აბა ყურადღებით გადავხედოთ ტექსტს.დააბრუნებს ტექსტთან  და  თვითონაც ეხმარება,აძლევს მინიშნებებს  შესაბამისი ადგილიდან.
აქტივობა 7.  (8 წთ) როლური თამაში. ინდივიდუალური.
მიზანი: ტექსტის შინაარსის გადმოცემა მთხრობელის ჩანაცვლების გზით, მაგ: როგორ მოყვებოდა ამბავს დევი, კვირია ან თვითონ კოპალა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლე აირჩევს სასურველ პერსონაჟს (ან ლოტოტრონის პრინციპით) და მოგვიყვება თავის ამბავს. მოსწავლე საუბრობს დამაჯერებლად, მკაფიოდ და გარკვევით,  ამბავს გადმოსცემს თანმიმდევრულად, იყენებს ავტორისეულ სიტყვებს.

C  ფაზა.
აქტივობა 9. რეფლექსია.  (5 წთ)  გასასვლელი ბარათები.  
აქტივობის მიზანი: მიუთითებს, რით დაინტერესდა / რა მოეწონა ტექსტში (ინფორმაცია, ამბავი, პერსონაჟის საქციელი);
 მონაწილეობს წაკითხულის შესახებ გამართულ დისკუსიებში; საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად იყენებს შესაბამის ადგილებს წაკითხული ტექსტიდან.
აქტივობის აღწერა:  მოგეწონათ ტექსტი? რა მოგეწონათ? როგორია დასასრული? ხალხმა კოპალას გმირი უწოდა, რატომ?  რითი გაითქვა კოპალამ სახელი?  რა თვისება გააჩნდა კოპალას? როგორ შეძლო გმირმა დევების დამარცხება? გმირისათვის დამახასიათებელ კიდევ რა თვისება აღმოაჩნდა კოპალას? მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს გასასვლელ ბარათებს და ავალებს დაწერონ თუ რა ვისწავლეთ დღეს ამ გაკვეთილზე, რა იყო ახალი, მნიშვნელოვანი და საინტერესო.  მოსწავლეები დაწერენ თავიანთ შეხედულებებს. გამოაქვთ დასკვნები თუ რა იყო მნიშვნელოვანი. მასწავლებელი უბრუნდება შესასვლელ ბარათებს:  თუ რისი გაგება სურდათ ამ გაკვეთილის დასაწყისში. მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გაეცა თუ არა პასუხი? გამართლდა თუ არა მათი მოლოდინი?  
აქტივობა 10. შეფასება. (3 წთ)  განმავითარებელი, თვითშეფასება.შეფასდება აქტიურობა, ტექსტზე მუშაობა. გამართული მეტყველება.
დავალება: (2 წთ)  წარმოსახვით შევქმნათ ჩვენი გმირი, მოვიფიქროთ და დავწეროთ მითი მის შესახებ.


მოსწავლის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ძალიან კარგი
კარგი
საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიურობა
ყოველთვის მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას.
ხშირად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას.
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობისას.
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად, ლექსიკური მარაგი მდიდარია.
მეტყველებს გამართულად, ლექსიკური მარაგია საკმაოდ მდიდარია.
უჭირს გამართული მეტყველება, ლექსიკური მარაგი მწირია.
ანალიზის უნარი
აანალიზებს ნანახს და გაგონილს, აფიქსირებს და არგუმენტებით ამყარებს საკუთარ აზრს.
აანალიზებს ნანახს და გაგონილს, ხშირად აფიქსირებს საკუთარ აზრს, თუმცა უჭირს არგუმენტებით გამყარება.
უჭირს ანალიზი, საკუთარი აზრის დაფიქსირება, ვერ მოჰყავს არგუმენტები.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. შეფასებისას კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის  პატივისცემას.
უსმენს სხვებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უჭირს სხვების მოსმენა, ხშირად სხვებს აზრის დასრულებას არ აცლის.

რეფლექსია.  ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილი იყო აქტიური. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ გაკვეთილი სწორად იყო დაგეგმილი და აქტივობებიც საინტერესოდ შეირჩა. აქტივობები ნაცნობი იყო მოსწავლეებისათვის და აქტივობიდან აქტივობაზე გადასვლა დამატებით ინსტრუქციებს არ საჭიროებდა. შესაბამისად  დრო არ იკარგებოდა.  თემა მოსწავლეებისათვის იყო საინტერესო და ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში. ყოველ აქტივობას უდგებოდნენ ხალისითა და პასუხისმგებლობით. თითოეული აქტივობის შედეგზე გავდიოდი.
როლური თამაშის დროს მოსწავლემ არასაწორად გამოიყენა მეთქი, თქო, ო ნაწილაკები. კითხვა-პასუხის აქტივობისას  აღარ დავიცავით წესები და პასუხები დასწრებაზე გადავიდა. სისწრაფის გამო ვეღარ შეძლო მელანქოლმა მოსწავლემ პასუხების გაცემა და   გამომეთიშა.
მოსწავლეებს სავარჯიშოების საშუალებით სისტემატურად ვამუშავებ ნაწილაკების სწორად გამოყენებაზე. ყოველი აქტივობისას დავიცავ შესაბამის წესებს, რათა ყველა მოსწავლეს თანაბარი უფლებები ჰქონდეს და ყველა ჩართული იყოს აქტივობაში.

No comments:

Post a Comment